ნაგაზი — მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ნაგაზი „თართისა“ (დიდი მიდამოს მცველი ძაღლი), და „მწევრის“ (სწრაფი და გვარიანი ძაღლი) შეჯვარებით მიიღება. საბა იქვე აკონკრეტებს, რომ ნაგაზი შესაძლოა შინ გაზრდილი მგლისა და თართის, ან მგლისა და მწევრის შეჯვარებითაც იქნას მიღებული და ამგვარად შობილი ნაგაზი, მისი თქმით, უმჯობესია[1].
ნაგაზის (ზოგჯერ ზოგადად ძაღლის) გავრცელებული სინონიმებია „ცუგა“, „ცუგო“ და (თუშური) „ტუგა“, „ტუგო“. უნდა საგანგებოდ აღინიშნოს, რომ ისტორიულად საქართველოს მთიანეთში ხალასსისხლიანი ნაგაზი ერთად-ერთი და არსებითად გაბატონებული ძაღლის ჯიში იყო - რამდენადაც საკვების სიმცირის პირობებში უჯიშო ძაღლის შენახვა გამართლებული არ იყო (განსხვავებით მცირერიცხვოვანი „ბაშკიებისაგან“, უჯიშო, მოხეტიალე ძაღლებისაგან, რომლებიც ადრე თუ გვიან მგლების წერა ხდებოდნენ). „ქოფაკი“ თურქულად ძაღლს ნიშნავს (ქართულად უმეტესად ავ ძაღლს) და ზოგჯერ გამოიყენება სამხრეთ საქართველოში „ნაგაზის“ ნაცვლად.
ჯიშის ისტორია
ნაგაზი ენდემური, აბორიგენული კავკასიური მეცხვარული ანუ „მთის“ ძაღლის ქართული ქვეჯიშის კერძო სახელია (სომხური ქვეჯიშის კერძო სახელია „გამპრ“, აღმოსავლეთ-თურქულისა „ყარაბაშ“). ქართველი მეცხვარეები გამორჩეულ ნაგაზებს, რომლებიც გამოცდილი არიან მგელთან შებრძოლებაში „მახრჩობელებსაც“ უწოდებენ. ნაგაზი ფართო გამოყენების ჯიშია და იგი გამოიყენებოდა როგორც მეცხვარული (ცხვრის), აგრეთვე - მოდარაჯე და საბრძოლო მიზნებისათვის.
ზოგჯერ შეცდომით ნაგაზს „ქართულ ნაგაზს“ უწოდებენ (სხვა ნაგაზი ქართულის გარდა არ არსებობს), ხოლო - გერმანულ მეცხვარულ ძაღლს კი ასევე შეცდომით უწოდებენ „გერმანულ ნაგაზს“ (ანუ „ნაგაზით“ ცვლიან „მეცხვარულ ძაღლს“).
ნაგაზი ზოგადად განეკუთვნება „მოლოსების“ ანუ „ალპიური მეცხვარული ძაღლების“ დიდ ოჯახს და არსებითი მოსაზრებით იგი გავრცელდა მეცხვარეობის გავრცელებასთან ერთად - როგორც დარგის აუცილებელი და განუყოფელი უზრუნველმყოფი ატრიბუტი. ევროპის მთელს მთიანეთში დაწყებული ესპანეთიდან და ბასკეთიდან და დასრულებული კავკასიით ყველგან გვხვდება ძალზე მსგავსი, ფრიად მონათესავე მეცხვარული ძაღლები. შედარებით უფრო განსხვავებული ქვეჯიში ვრცელდება აღმოსავლეთი კასპიისპირეთის მთიანეთებიდან ინდოჩინეთის მთიანეთების ჩათვლით.
განსხვავებით ზოგიერთი ევროპული მეცხვარული ძაღლებისაგან (მაგ. „კოლის“ ტიპისა - რომლებიც ვერ ებრძვიან მგელს), ისტორიულად ნაგაზს არ იყენებდნენ ცხვრის სამწყემსად (ანუ გასადენად და შესაგროვებლად, მოსაქუჩებლად), არამედ - იყენებდნენ უმთავრესად ცხვრის ფარებისა და ფარეხების მგლებისაგან დასაცავად - რასაც ცეცხლსასროლი იარაღის ეპოქამდე გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მგლის ხროვა ფარაზე თავდასხმისას კლავს ბევრად მეტ ცხვარს, ვიდრე მას საკვებად სჭირდება (საშუალოდ ერთი მგელი ერთ თავდასხმაზე ელვის სისწრაფით ყელს ღადრავს 5-12 ცხვარს). აღნუსხულია შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მგელს ერთ ღამეში ასობით ცხვარი გაუწყვეტიათ. ავესტაში წერია: „არ იდგებოდნენ მტკიცედ ჩვენი სახლები თუ ძაღლი არ გვეყოლებოდა - რომელიც ჩვენს შინაურ ცხოველებსა და ბინას იცავს“. აგრეთვე ავესტის მიხედვით მეცხვარული ძაღლის მკვლელი ადამიანი ისჯებოდა მათრახის 900 დაკვრით - რაც მიუთითებს ძაღლის განსაკუთრებულ სამეურნეო ფასეულობაზე მეცხვარულ სოციუმში.
ქართველი ეთნოგრაფის პროფ. სერგი მაკალათიას ცნობით მთაში ნაგაზის ტიპიური საკვები იყო საკლავის მოხარშული (აუცილებლად) ქვეპროდუქტები (უმეტესწილად შიგანი და ძვლები) ან დოში მოხარშული „იფქალი“ (მოხალული უხეში ფქვილი და ქატო). ზაფხულობით ნაგაზები ინტენსიურად იკვებებიან აგრეთვე მღრღნელებითა და კალიებით (ფრიად კალორიული საკვებია).
ნაგაზი საქართველოში
ნაგაზების ტრადიციული მეჯიშეები განსაკუთრებით არიან თუშები, რომელთა არსებობა მთლიანად მეცხვარეობას ეფუძნება. თუშები ტრადიციულად თავის ცხვართან ერთად მომთაბარეობდნენ საქართველოს მრავალ რეგიონსა (ელდარის იალაღები) და ჩრდილო კავკასიაში (ყიზლარის იალაღები) და ყველგან ავრცელებდნენ ნაგაზებს.
მეორე მსოფლიო ომისშემდგომ საქართველოში ნაგაზის ჯიშის აღდგენაზე ზრუნვა კერძო ენთუზიასტებმა დაიწყეს 70-იანი წლებიდან, როდესაც „ფაუნის მოყვარულთა კლუბმა“ გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოაწყო ექსპედიცია საქართველოს რაიონებში ჯიშის მდგომარეობის შესასწავლად და ჩაატარდა ფოტოგადაღებები და აზომვები. მოეწყო აგრეთვე საგანგებო ტელეგადაცემები და დაიბეჭდა საგაზეთო სტატიები - რომელთა მიზანი იყო ნაგაზის ჯიშის პოპულარიზება, გადარჩენა და გაუმჯობესება. ამავე პერიოდში გამოფენებზე გამოჩნდნენ პირველი აბორიგენული ნაგაზები და რუსეთიდან ჩამოჯიშებული კავკასიური მეცხვარული ძაღლები. 1970-იანი წლების თბილისის ჩემპიონებს შორის იყვნენ ხვადი „ზორბა“ და ძუკნები „ციბა“ და „ჩუკა“.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ნაგაზის ჯიშის აღდგენა-გაუმჯობესებაზე მუშაობა განახლდა. სამწუხაროდ, ჯიშთსანაშენეებში უპირატესად იყენებენ რუსეთიდან იმპორტირებულ კავკასიურ მეცხვარულ ძაღლებს და კვლავ ნაკლები ყურადღება ექცევა აბორიგენული გენური წყაროების გამოყენებას.
დიდი წარმატება ხვდა წილად კავკასიური მეცხვარული ძაღლების აჭარის ჯიშთსანაშენეს - რომლის ნაგაზი „ბასმაჩი“ (ა.აბაშიძე) მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამწუხაროდ აჭარაში რევოლუციის შემდგომ ეს ჯიშთსანაშენე დაიშალა და ძაღლების უმეტესობა კვლავ რუსეთში მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონი ამავე პერიოდში გახდა კავკასიური მეცხვარული ძაღლი „სიმბა“ (მ.ჭკუასელი) წოდორეთიდან.
ნაგაზების საქართველოში ჯიშთსანაშენე საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოიაზრება ყურადღების კონცენტრირება აბორიგენულ, ხალასი სისხლის, საკმაოდ იშვიათ თეთრ ნაგაზებზე - რომლებზე მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნილება თანდათანობით არსებითი ხდება (რამდენადაც კავკასიური მეცხვარული ძაღლის მოშენებაში რუსული და ევრო-ამერიკული ჯიშთსანაშენეებისათვის კონკურენცია შეუძლებელია). აგრეთვე საშურია 2-3 სპეციალიზებული ქართველი კინოლოგისა და მსოფლიო რანგის მსაჯის არსებობა.
No comments:
Post a Comment